Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)
FAIL (the browser should render some flash content, not this).

ჩვენი პარტნიორები

gmirebi

forumkavkaz

ali

საქართველოს სამხედრო–საჰაერო ძალების ისტორია

.

ქართული ავიაციის პირველი წლები

ქართული ავიაციის ისტორია 1908 წლიდან იწყება და პირველი ქართველი ავიატორის, ბესარიონ ქებურიას სახელს უკავშირდება.

პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურია დაიბადა 1870 წლის 15 თებერვალს, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში. 1908 წელს მან საკუთარი ხელით ააწყო მონოპლანი და საბურთალოს მთებიდან პირველი სატესტო ფრენები განახორციელა, თუმცა სრულფასოვანი აფრენა ვერ მოახერხა.

besarionqeburia231567345136
1909 წელს ქებურია პარიზში წავიდა პროფესიული საავიაციო განათლების მისაღებად. 1910 წლის აგვისტოში ქებურიამ სკოლა 16 კაცთან ერთად დაამთავრა და მსოფლიოში რიგით 209-ე პილოტი გახდა. საფრანგეთში ქებურიამ საკუთარი სახსრებით შეიძინა ბლერიოს X-ტიპის მონოპლანი 25 ცხენი ძალიანი ძრავით რითაც პარიზის თავზე სადემონსტრაციო ფრენები უნაკლოდ ჩაატარა. საავიაციო სკოლის ხელმძღვანელმა ლუი ბლერიომ აღფრთოვანება ვერ დამალა და ქებურიას თვითმფრინავის ძრავის სატადარიგო ნაწილები აჩუქა.  ასევე როგორც წარჩინებული კურსდამთავრებული წარუდგინა საფრანგეთის პრეზიდენტ არმან ფალიერს.
1910 წლის ბოლოსთვის ქებურია საქართველოში დაბრუნდა და დიდუბის იპოდრომიდან სრულფასოვანი ფრენა შეასრულა თბილისის თავზე.  1913  წელს ქებურიამ თაისი თვითმფრიანვით ბოლო ფრენა შეასრულა ბათუმის თავზე, ფრენა ცუდად დასრულდა და თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. პილოტი მეზღვაურებმა გადაარჩინეს.

1923 წელს ქებურია საჰაერო ფლოტის თავმჯდომარედ აირჩიეს. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. ბესარიონ ქებურია 1957 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ის ისტორიაში შევიდა, როგორც ამიერკავკასიის ავიაციის ფუძემდებელი.  მის სახელს უკავშირდება პირველ ქართველ მფრინავთა თაობების აღზრდა, აეროდრომების მშენებლობა და ზოგადად ამ სფეროს განვითარება რეგიონში.
ხალხში ბესარიონ ქებურიაზე პატარა ლექსიც იყო გავრცელებული:

''ბესარიონ ქებურია, სიმამაცით ქებულია.
ცაში ადის უკიბოდ, წყალზე გადის უხიდოდ.''

Keburia Besarion recttqgvsdf436o

ბესარიონ ქებურია ბლერიოს X-ტიპის მონოპლანთან ერთად საფრანგეთში.

 

ქართული სამხედრო ავიაცია 1918-1921 წლებში

 

ქართული სამხედრო ავიაციის დაბადება

 პირველი ქართული სამხედრო სააავიაციო დანაყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ 1918 წლის 20 აგვისტოს მიღებული კანონის ,,საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციის შესახებ” II მუხლის საფუძველზე შეიქმნა. საავიაციო გუნდი ერთი პარკითა და 2 საავიაციო რაზმით სატექნიკო ბატალიონში შევიდა.  ავიაციის დისლოკაციის ადგილად თბილისი შეირჩა.
 1918 წლის ზაფხულში პილოტების მოსამზადებელი საავიაციო სკოლაც ამოქმედდა. საავიაციო გუნდი 189 ადამიანზე იყო გათვლილი და უფროსად გამოცდილი მფრინავი, შტაბს-კაპიტანი მიხეილ მაჭავარიანი დაინიშნა.

 მიხეილ მაჭავარიანი 1888 წლის 28 მარტს ქ. ქუთაისში სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. იგი მამის კვალს გაყვა და საარტილერიო სასწავლებელი დაამთავრა. ამის შემდეგ მან სწავლა საავიაციო სასწავლებელში განაგრძო.
 1913 წელს გატჩინოს სამხედრო მფრინავთა მოსამზადებელი სკოლის დამთავრების შემდეგ კავკასიის საავიაციო ჯგუფში მფრინავ დამკვირვებლად გაამწესეს.
 1913 წლის სექტემბრიდან ყარსის რაზმში მფრინავ-დამკვირებლად დაინიშნა.
 1916 წელს ,,ნიუპორ XXI”-ზე ფრენისას კავკასიაში თურქების ერთადერთი დანაკარგი თვითმფრინავი ,,ალბატროს” C-3 მისი ჩამოგდებულია – მიხეილ მაჭავარიანმა მოწინააღმდეგე აიძულა თვითმფრინავი მიწაზე დაესვა.

თურქი მფრინავი ვედიგი ფეგამი გამოცდილი პილოტი იყო, რომელსაც ბაღდადის ფრონტზე ბრიტანელთა 2 ,,ბრისტოლი” უკვე ჩამოგდებული ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ კავკასიაში რუსები ,,ბრისტოლებზე” დაფრინავდნენ და უფრო ძლიერ ,,ნიუპორთან” შეხვედრა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მოულოდნელი და საბედისწერო: მიხეილ მაჭავარიანმა თურქი მფრინავი აიძულა თვითმფრინავი მიწაზე დაესვა და თავის “ალბატროსიანად” ტყვედ ჩაბარებულიყო. 

მაჭავარიანი ერთადერთი ქართველი მფრინავია, რომელმაც მტრის საფრენი აპარატის ჩამოგდებისთვის ჯილდო წმინდა გიორგის ჯვარი და ოქროს იარაღი მიიღო და თანაც პირადად მეფისგან.

სამხედრო – საავიაციო ტექნიკა მძიმე მდგომარეობაში იყო. სხვადასხვა აეროდრომებზე მიტოვებული თვითმფრინავებიდან ბევრი დალეწილი, დაშლილი და გამოუსადეგარი იყო. არ იყო სათადარიგო ნაწილები. ტექნიკური პერსონალის 80% და მფრინავთა დაახლოებით 50% სახლებში იჯდა. სხვები სახლში წასასვლელად ხელსაყრელ დროს ელოდნენ.
 საავიაციო დანაყოფის პირველი მეთაურის, მიხეილ მაჭავარიანისა და ავიაციაზე შეყვარებული სხვა ადამიანების მონდომებით თანდათან მოხერხდა გაფანტული და მიტოვებული საავიაციო ტექნიკის მოგროვება, თბილისის საავიაციო სკოლის ყოფილი შენობის მოწესრიგება, პედაგოგთა შერჩევა, კურსანტთა მიღება, აეროდრომის ფართობის ორჯერ გაზრდა და სამსახურისათვის საჭირო პირობების შექმნა.
 1918 წელს დაშლილი და დაზიანებული თვითმფრინავებისაგან სასწავლო ,,მორან-პარასოლ L” აწყობა მოხერხდა. მაგრამ ავიაციის განვითარებისათვის ეს საკმარისი არ იყო.

2F1 Sopwith Camel

ბრიტანული Sopwith Camel 2F1

1918 წლის 10 ოქტომბერს გოლოვინის პროსპექტზე ქართული არმიის პირველი აღლუმი ჩატარდა, რომელშიც ქვეითები, კავალერისტები, არტილერისტები, მესანგრეები, ქართულ-გერმანული ლეგიონი და მფრინავთა გუნდიც მონაწილეობდა.
 ავიაციის შესაძლებლობებს ქართველი სამხედროები სწორად აფასებდნენ და მთავრობას შესაბამისი წინადადებებით მიმართავდნენ

 1920 წლის სექტემბერში გენერალი თაყაიშვილი სამხედრო მინისტრისათვის გაგზავნილ მოხსენებაში საჰაერო საქმეში სამხედრო ინჟინრების რაოდენობის გაზრდას მოითხოვდა. გამოსავალს ევროპაში მფრინავების გაგზავნაში ან პოლიტექნიკურ სამხედრო ტექნიკუმთან 2-3 წლიანი განყოფილების გახსნაში ხედავდა. 1920 წლის 25 აგვისტოს მონაცემებით საავიაციო გუნდში 189 ადამიანიდან სახეზე 172 იმყოფებოდა.
 ევროპაში ავიაციის განვითარებასა და პერპექტივებზე ისაუბრა პოლკოვნიკმა მაჭავარიანმა 1920 წლის 20 ნოემბერს საფრენოსნო სამმართველოში გამოსვლისას. მისი სიტყვებით 1914 წელს რუსეთს ფრონტზე 80 მფრინავი ჰყავდა, როცა ევროპის მოწინავე ქვეყნებში მათი რაოდენობა ათასობით გამოიხატებოდა. საავიაციო ტექნიკის წარმოების მხრივ გამოჰყოფდა იტალიას, რომლის თვითმფრინავები შეჯიბრებებში რეგულარულად იმარჯვებდნენ და საფრანგეთს. ამბობდა, ფრენოსნობის განვითარებას საქართველოში ბრწყინვალე მომავალი აქვს. ქვეყანას აქვს საავიაციო სახელოსნოები და ჰყავს გამოცდილი მფრინავები. აღნიშნავდა კომერციული ფრენების მომავალს. თბილისიდან ვლადიკავკაზამდე გადაფრენისათვის მხოლოდ 40 წუთი იქნებოდა საჭირო. 5-6 კაცის დასატევად საჭიროა 4 აერობუსის შეძენა შეუწყვეტელი მიმოსვლის მოსაწყობად.

1326883960 image025

იტალიაში ნაყიდი სადაზვერვო ,,ანსალდო” SVA-10 ის ქართული შეფერილობა და სიმბოლო

SVA-10 geo

იტალიაში ნაყიდი სადაზვერვო ,,ანსალდო” SVA-10 და ქართველი სამხედრო ავიატორები


1920 წლის ზაფხულიდან ავიაციის რეორგანიზაციისა და ახალი ტექნიკის შესყიდვის საკითხი დადგა. იმ დროს ერთ-ერთ მოწინავე საავიაციო ქვეყანად იტალია ითვლებოდა და აგვისტოში თვითმფრინავების შესაძენად იქ პოლკოვნიკი მაჭავარიანი გაიგზავნა.
  ტურინში ,,ანსალდოს” ფირმაში მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და არჩევანი მზვერავ ,,ანსალდო” SVA-10-ზე შეჩერდა. მაჭავარიანს თვითმფრინავებით გადმოფრენა სურდა, მაგრამ გზაზე სათანადო პირობების არ არსებობის გამო, დაშლილი და ყუთებში ჩაწყობილი თვითმფრინავები გემზე დაიტვირთა და საქართველოში გამოიგზავნა. ქართული მონაცემებით იტალიაში 10, ხოლო რუსულით კი 20-25 თვითმფრინავია ნაყიდი.
გარდა ამისა საავიაციო გუნდის შეიარაღებაში იყო თეთრი გვარდიისგან დარჩენილი რამდენიმე  ბრიტანული გამანადგურებელი Sopwith Camel 2F1. რომლებითაც შემდეგ მფრინავები საკუთარ ოსტატობას ხვეწდნენ. თუმცა იყო ჩამოვარდნის ფაქტებიც.

74e7483995b8

1920 წელს სასწავლო ფრენისას ჩამოვარდნილი ქართული Sopwith Camel 2F1

image0451234fdxc 152eq

ქართველი სამხედრო მფრინავები 1921 წელს.

..

ქართული სამხედრო ავიაცია 1921 წლის ომში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ქართული სამხედრო ავიაციის გამოყენება პირველად 1918 წელს მოხდა. როდესაც 28-29 დეკემბერ შულავერთან ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყანაში შემოჭრილი დაშნაკური სომხეთის შეიარაღებული ძალები სომხეთ – საქართველოს ომის გადამწყვეტ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. 

შემდეგ იყო 1921 წელი.  ქართული სამხედრო ავიაციის თვითმფრინავები ქვეყანაში შემოჭრილი მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში 1921 წლის 23 თებერვალს ჩაერთვნენ. ნავთლუღის სიახლოვეს შემოსულ მე-11 არმიის ნომერ-5 ჯავშანმატარებლს  4-მა ქართულმა თვითმფრინავმა შეუტია. ჯავშანმატარებლის საზენიტო ქვემეხებმა 1 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. 3 მა თვითმფრინავმა კი დაბომბავა მოახერხა და თბილისის მიმართულებით გაფრინდა.

 ,,23 თებერვალს მოწინააღმდეგის ჯავშანმატარებლები დილიდანვე გამოჩდნენ ფოილო-თბილისის რკინიგზაზე და ნავთლუღს რამდენჯერმე მიუახლოვდნენ, მაგრამ ჩვენი არტილერიის ცეცხლმა გაყარა. მაშინ გამოჩდნენ აეროპლანები და ბომბები ჩამოყარეს. მე ამ დროს ნავთლუღისაკენ ავტომობილით მივდიოდი, როცა აეროპლანის ბომბი გზაზე დაეცა და აფეთქდა” – წერს გენერალი გიორგი კვინიტაძე
.
 ახალი ,,ანსალდო” SVA-10-ის ჰაერში არ აფრენილა, ამის ერთადერთი მიზეზი კი ის გახდა, რომ მოტორებისთვის აუცილებელი სპეციალური ზეთის ხარჯები, იტალიაში გამგზავრების წინ თავად ნოე ჟორდანიამ ამოშალა საერთო ხარჯთაღრიცხვიდან.
 “ სად იყო 12, საუკეთესო იტალიური ჰაეროპლანი, რომელთაგან ვერც ერთი ვერ აფრინდა, მიუხედავად საუკეთესო მფრინავებისა (მაყაშვილები, ბოგომოლოვი და სხ.), რადგან ჩვენმა “მზრუნველმა – ხაზეინმა” (იგულისხმება ნოე ჟორდანია) – აუცილებელ “გარგოილისათვის” ფული ვერ გაიმეტა; ძვირია!.. უბრალო ზეთი იხმარეთო. და ბოლშევიკური ერთადერთი ჰაეროპლანი თუ პანიკასა “ჰქმნიდა” ჩვენ მამაც გვარდიაში, წარმოიდგინეთ, რა ენტუზიაზმს გამოიწვევდა მათში და შიშის ზარს ბოლშევიკებში. – ჩვენს 12 ჰაეროპლანს ჩამოეგდო მათი ეს ერთად – ერთი და ეფრინა მტრის თავზე. . .” – იგონებდა საქართველოს 1918 – 21 წლების პარლამენტის დეპუტატი ეროვნულ – დემოკრატიული პარტიიდან, რევაზ გაბაშვილი პირველ ქართულ სამხედრო ავიაციაზე.

 ახალი თვითმფრინავებისთვის აუცილებელი ზეთის, “გარგოილის” ხარჯების თავად ნოე ჟორდანიას მიერ ხარჯთაღრიცხვიდან ამოშლას გენერალი კვინიტაძეც ადასტურებს:

 “ავიატორები ყოველთვის დავალებას ითხოვდნენ და ამის გაკეთება გაცვეთილ მდგომარეობაში მყოფი თვითმფრინავებით მეტისმეტად გაძნელებული იყო. ახლად ნაყიდი თვითმფრინავები არ დაფრინავდნენ სპეციალური ზეთის უქონლობის გამო, რომელიც ნაყიდი არ იქნა. ვინაიდან ნოე ჟორდანიამ იტალიაში საუკეთესო თვითმფრინავების ყიდვის დროს ეს ხარჯები პირადად ამოშალა. უნდა გენახათ მფრინავების გულგატეხილობა, როცა გყავს საუკეთესო თვითმფრინავები, ხოლო მოწინააღმდეგე და მისი აეროპლანები ვერ გაანადგურო. ეკონომიურობა, რომელიც ჟორდანიამ გააკეთა ჩვენ ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ მფრინავებმა თავიანთი მოვალეობა გულმოდგინედ შეასრულეს”.

 

 ქართული სამხედრო ავიაცია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ

 1991 წლის 9 აპრილს საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა აღიდგინა.  იმავე წლის 30 აპრილს კი შეიქმნა საქართველოს შეიარაღებული ძალები.

1992 წლის 1 იანვარს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო  შეიქმნა. 1993 წლის 10 აგვისტოს ის მთავარ სამმართველოდ გადაკეთდა. 1995  წლის 27 აპრილს ს.ს.ძ–ს გვარდიის სამმართველოს  შვეულმფრენთა საავიაციო პოლკი შეუერთდა. 1998 წლის 18 აგვისტოს კი სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები  გაერთიანდა და მას სამხედრო-საჰაერო ძალები ეწოდა. 2010 წლის გაზაფხულზე  სამხედრო–საჰაერო ძალები სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა, საავიაციო ბრიგადის სახით.

600px-Roundel of the Georgian Air Force.svg

საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების ამოსაცნობი ნიშანი, 7 ქიმიანი ვარსკვლავი.

აღდგენილი ქართული სამხედრო საჰაერო ძალების დღედ 1992 წლის 19 სექტემბერი ითვლება, როდესაც იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით თბილავიამშენს გადაუფრინეს,  შემდგომში ისინი ს.ს.ძ–ს სარდლები გახდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში 1992 წლის აგვისტოდან მი-24 ტიპის შვეულმფრენები უკვე ახდენდნენ საბრძოლო ფრენებს, 1995 წელს  ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიულ დღედ სწორედ 19 სექტემბერი გამოცხადდა.
 
9bdfe5304629
მარცხნივ საჰაერო ძალების პირველი სარდლის იზანი ცერცვაძის
გაფრენა სუ-25 ით. 1992 წლის 19 სექტემბერი

ქართული ავიაცია აფხაზეთის ომში  აქტიურად იღებდა მონაწილეობას. ომის პერიოდში 6 მოიერიშე სუ–25,  3 დამრტყმელი შვეულმფრენი მი–24  და 5 სატრანსპორტო მი–8 დავკარგეთ. რაც შეეხება საბრძოლო ოპერაციებს, ქართულმა სამხედრო საფრენმა აპარატებმა რამდენიმე ასეული საბრძოლო გაფრენა განახორციელეს. მათ შორის 217 მოიერიშე სუ–25-ს ეკუთვნის, რომლებიც 1992 წლის 28 სექტემბრიდან დაწყებული  1993 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით დაფრინავდნენ.

აფხაზეთის ომის წინ მოიერიშეების ათვისებაში ქართველ პილოტებს პოლკოვნიკი დარვინ რუხაძე ეხმარებოდა. 1994 წლის შემდეგ იგი სუ–25–ზე აღარ მჯდარა.

ქართულ მოიერიშეებს მართავდნენ პილოტები:

იზანი ცერცვაძე. (სარდალი - დაიღუპა ომში)
ვალერი ნაყოფია.
სლავა ჯაბუა. (დაიღუპა ომში)
დაქა ყიზილაშვილი.
რეზო ნაროუშვილი.
თამაზ ნადირაშვილი.
კახა თვაური.
ალან ლაკოევი.
ზვიად ბექაური.
ვოვა შებეტოვი.
ლადო ავლოხაშვილი.
მალხაზ ტაბატაძე.
გოჩა შინგაზდილოვი.
დავით გუგულაშვილი.
ვლადიმერ ბალაევი.
იგორ ბედუსენკო.
ზურაბ იარაჯული. (დაიღუპა ომში)

საბრძოლო დანაკარგები

1992 წლის 11 ოქტომბერს ვიცე პოლკოვნიკი სლავა ჯაბუა, ეშერის მიდამოებში ჩამოაგდეს გადასატანი საზენიტო კომპლექსი ИГЛА-თი, თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო თუმცა მერე აღარავის უნახავს. მას ავღანეთის ომი ჰქონდა გამოვლილი

1993 წლის 6 თებერვალს სოფელ მერკულასთან ჩამოაგდეს მეორე სუ-25, პილოტი თამაზ ნადირაშვილი დაატყვევეს, მოგვიანებით იგი რუს ოფიცერზე გაცვალეს.

1993 წლის 1 მაისს  გუმისთასთან ჩამოგვიგდეს მორიგი სუ-25, პილოტი რეზო ნაროუშვილი, რომელიც დაატყვევეს, იგი რამდენიმე წელიწადში გაათავისუფლეს.

1993 წლის 4 ივლისს სოხუმთან ახლოს 15:40–ზე  ჩამოაგდეს სუ-25, პილოტმა კახა თვაურმა  კატაპულტირება მოასწრო. ზღვაში დაეშვა და ქართულმა სამაშველო ჯგუფმა გამოიყვანა.

1993 წლის 13 ივლისს კი ჩამოაგდეს ზურაბ იარაჯულის სუ-25,  პილოტი მტრის ზურგში დაეშვა პარაშუტით, მაგრამ გამოსვლა ვერ მოახერხა და გუმისთის მეორე ნაპირისკენ გადმოსვლისას 16 ივლისს  მტერს გმირულად შეაკვდა.

q2nvk

მარცხნივ ზურა იარაჯულის ერთ-ერთი საბრძოლო გაფრენის მზადება. მარჯვნივ- ზურა იარაჯული.

 1993 წლის  24 სექტემბერს  აფხაზეთში დავკარგეთ ბოლო სუ-25,  სოხუმთან რუსების მიერ ნასროლმა OCA ან БУК-М1 ტიპის საზენიტო რაკეტამ ჰაერშივე დაშალა საჰაერო ძალების სარდლის იზანი ცერცვაძის სუ-25. ეს დღე უმძიმესი იყო საჰაერო ძალებში. სარდალი იზანი ცერცვაძე დაიღუპა.

134fat34fd 1
345fgsadr564465
საქართველოს საჰაერო ძალების სუ-25 ების შეფერილობა აფხაზეთის ომში და შემდგომ პერიოდში.

..

ომის შემდეგ 1 სუ–25  სამოქალაქო ომის დროს 1993 წლის 31 დეკემბერს დაზიანდა სენაკთან, თვითმფრინავს მართავდა ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სამხედრო მფრინავი გოჩა შინგაზრდილოვი, სუ-25-ს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა ესროლეს გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი СТРЕЛА-2М, რაკეტამ მარცხენა ძრავა დააზიანა, პილოტმა კი კატაპულტირების მაგიერ მოახერხა თვითმფრინავის დასმა კოპიტნარის აეროდრომის მიმდებარედ მინდორში. 

1993 წლის 2 ნოემბერს  პილოტი ალან ლაკოევი, სამოქალაქო ომისას პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა ხობის რაიონში საზენიტო კომპლექს СТРЕЛА-2М-ით ჩამოაგდეს. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, იგი ტყვეობიდან 10 დღის შემდეგ იხსნენს.
 

მოხდა ასეთი  გაუთვალისწინებელი ფაქტიც, 1993 წლის 15 ნოემბერს კოპიტნარიდან სომხეთში გაიტაცეს საჰაერო ძალების კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი Су-25К. კაპიტანი სერგეი ჟიტნიკოვი ს.ს.ძ–ში 1993.07.25 ჩაირიცხა და გატაცებამდე შვიდი საბრძოლო გაფრენა მოასწრო, ისიც დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომისას.

ნოემბრის შუა რიცხვებში როდესაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები კოპიტნარის აეროდრომს მიუახლოვდნენ მთავრობამ გადაწყვიტა იქ დარჩენილი 2 სუ–25, 31–ე ქარხნის ველის აეროდრომზე გადმოეფრინა. თავდაპირველად თვითმფრინავების გადმოყვანა უფროს ლეიტენანტ ზვიად ბექაურს და ლეიტენანტ ლადო ავლოხაშვილს დაევალათ, თუმცა ლადო ავლოხაშვილს დედა გაუხდა ავად და თბილისში სასწრაფო დაბრუნება მოუწია, მის მაგივრად კი კაპ. ჟიტნიკოვი შეირჩა

ახალი მოიერიშით ზვიად ბექაური უნდა გამოფრენილიყი თუმცა, ჟიტნიკოვმა უთხრა, რომ საათი არ ქონდა და რომლითაც უნდა გაფრენილიყო არც იმ თვითმფრინავში მუშაობდა საათი, ამიტომ ბექაურს თვითმფრინავის გაცვლა თხოვა. ბექაური დათანხმდა და ის თბილისში სუ–25 ნომერ  07–ით გამოფრინდა (რომელიც ავღანეთში იყო ნაბრძოლი), თავდაპირველად ჟიტნიკოვი 800 მეტრის დაშორებით უნდამიყოლოდა, მაგრამ მერე მიწიდან 10 წუთის დაგვიანებით უბრძანეს გაფრენა. ბექაური თბილისში 17 წუთში ჩაფრინდა, ჟიტნიკოვი კი არ ჩანდა. ველის აეროდრომის ლოკატორმა კი სომხეთისკენ მფრენი აპარატი დააფიქსირა. მოიერიშის საძებნელად ორადგილიანი Су-25УБ-თი ზვიად ბექაური და მაიორი ოლეგ ცატიაშვილი აფრინდნენ და სევანის ტბამდე ეძებეს თუმცა უშედეგოდ. თვითმფრინავი ჟიტნიკოვმა სომხეთში, ზვარტნოცის აეროპორტში დასვა. დაშვებისთანავე Су-25 სომხებმა ანგარში გადამალეს. როგორც შემდეგ გაირკვა ჟინტიკოვი სომხურმა სპეცსამსახურებმა მოისყიდეს.
გატაცებული Су-25 ახალთახალი იყო, ის 31-ე საავიაციო ქარხანამ 1993 მარტს გამოუშვა და სულ რაღაც 3 საათი და 39 წუთი ქონდა ნაფრენი.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

აფხაზეთის ომში საჰაერო ძალების სამხედრო შვეულმფრენებმა 360 საბრძოლო გაფრენა შეასრულეს.

აფხაზეთში გვარდიის შვეულფრენთა შერეულმა საავიაციო პოლკმა, რომელსაც პოლკოვნიკი ჯიმი მაისურაძე მეთაურობდა 3 ცალი Mи–24, 3 ცალი Mи–8мтв და 2 ცალი Mи–8т დაკარგა.

13423524 1
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების Mи–24 ის შეფერილობა აფხაზეთის ომის პერიოდში
 

ომს შვეულმფრენის 19 პილოტი ემსხვერპლა, ესენი არიან:

ჯიმი მაისურაძე.
აბაქარ მაგამედოვი.
გიორგი კვესაძე.
გიორგი ნოზაძე.
გიორგი გელაშვილი.
გიორგი ჭეიშვილი.
ბეჟან გაბრიჩიძე.
ვლადიმერ ქერდიყოვი.
იგორ ბახტაძე.
ლევან ჭაღოშვილი.
როლანდ სენაშვილი.
ტარიელ ჯალაღონია.
ილიკო ეფრემიძე.
სერგეი პლატოვსკი.
ზეზვა ქავთარაძე.
ვოვა ნაუმენკო
(სასაზღვრო ძალები)
გელა სილაქაძე (სასაზღვრო ძალები)

უგზო უკვლოდ დაკარულებად ითვლებიან: ომარ ქორთოშიძე, ზებური ბოლქვაძე და ვიტალი არეშინი.
 

1992 წლის 3 ოქტომბერს გოგი კვესაძის ვერტმფრენს ესროლეს გადასატანი საზენიტო კომპლექსი ИГЛА, გაგრაში სანატორიუმ "უკრაინის" რაიონში 14:00 საათზე.  შვეულმფრენი Mи–24 ზღვაში ჩავარდა, პილოტები დაღუპნენ.

1992 წლის 26 დეკემბერს ჯიმი მაისურაძე და მამუკა გელაშვილი, ათარის ცენტრში, ვლადიმიროვკაში (გულრიფშის რაიონი) ჩამოაგდეს გადასატანი საზენიტო კომპლექსი ИГЛА-თი,  Mи–24 დაიწვა,  პილოტები დაიღუპნენ.

1993 წლის 15 იანვარს აბაქარ მაგამედოვის Mи-24 ჩამოაგდეს, პილოტი დაიღუპა.

1992 წლის 11 ოქტომბერს  ბაბუშერას აეროპორტში ზღვიდან გადმოსხმულმა დივერსიულმა ჯგუფმა РПГ-7ის  პირდაპირი მორტყმით გაგლიჯა დაშვებაზე წასული Mи–8, რასაც მიწაზე მყოფი ერთი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა (როგორც ჩანს შვეულმფრენში მყოფები გადარჩნენ, მაგრამ შვეულმფრენი ვეღარ აღდგა)

1992 წლის ნოემბერში ტყვარჩელის რაიონში დააზიანეს Mи–8, პილოტმა მოახერხა შვეულმფრენის დასმა, თუმცა ერთი სამხედრო (მაიორი) ჰაერში შვეულმფრენის ღია კარიდან გადავარდა.

1993 წლის მარტის დასაწყისში, ჯვარში ლოთი ქობალიას ხალხმა Mи–8 დაცხრილა, თუმცა შვეულმფრენის დასმა მოხერხდა.

1993 წლის 7 ივლისს 15:40 სანატორიუმ მვო-სთან დააზიანეს Mи–8 რომელიც ტამიშსა და კინდღს შორის ზღვაში ჩავარდა

1993 წლის სექტემბრისკენ Mи–8T მ საკენიდან ქუთისში (ჭუბერში შუალედური დაჯდომით) ლტოლვილები გადაიყვანა. ვერტმფრენი ღამით ისევ ჭუბერში დაბრუნდა. ხელმძღვანელობამ ისევ საკენში გაშვება უბრძანა, ამდროს კი ტექნიკური გაუმართაობის გამო შვეულმფრენი მთას შეეჯახა. შვეულმფრენში ძირითადად ქალები და ბავშვები იჯდნენ.

1993 წლის 5 თებერვალს სასაზღვრო ჯარების Mи–8 ტიპის შვეულმფრენით რომელსაც პილოტები ვოვა ნაუმენკო და გელა სილაქაძე მართავდნენ აფხაზეთში მებრძოლები და ტყვია წამალი გადაიტანეს, უკან დაბრუნებული ვერტმფრენი ქუთაისის აეროდრომზე ჩამოვარდა, ვერტმფრენის გაუმართაობის, ნისლის და აეროპორტის განათების არქონის გამო.

 ქართული ავიაცია მონაწილეობას სამაჩაბლოს ომშიც იღებდა. 1991 წელს ერთი Mи–8T ცხინვალში დაცხრილული დაჯდა.

 
აფხაზეთის ომის შემდგომი პერიოდი
 

ომის შემდეგ ქართულ ავიაციას მძიმე პერიოდი დაუდგა, თითქმის მთელი 90 იანი წლები და შემდეგ 2004 წლამდეც ქართული სამხედრო ავიაცია პრაქტიკულად  ,,მიწაზე იჯდა''. რამდენიმე ათეულ მილიონიანი ბიუჯეტი სახმელეთო ჯარების შენახვასაც არ ჰყოფნიდა.

1994 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს სამხედრო–საჰაერო ძალების განკარგულებაში იყო შემდეგი საფრენი აპარატები:

7 მოიერიშე სუ–25
3 დამრტყმელი შვეულმფრენი მი-24 რომელიც შემდეგში უკრაინაში გაიგზავნა სარემონტოდ, საიდანაც 2004 წელს იქნა დაბრუნებული.
4 (2 შჯ–ს ეკუთვნოდა) სამხედრო–სატრანსპორტო შვეულფრენი მი-8.
მი-14  - სარემონტოდ გაგზავნილი იყო უკრაინაში. დაბრუნდა 2004 წელს.
2 მი–2 გაიგზავნა უკრაინაში სარემონტოდ.
4 სასწავლო–სავარჯიშო თვითმფრინავი იაკ–52
6 ბიპლანი ან–2

 00261 1264679924 8uqdy

ქართველი ავიატორები 90 იან წლებში.

 

გადაიარაღება

მიუხედავად ფინანსების უქონლობისა 1997 წელს მოხერხდა და  ახალგაზრდა მფრინავების მოსამზადებლად უკრაინაში  შესყიდული იქნა 10 სასწავლო–სავარჯიშო თვითმფრინავი ლ-29 „დელფინი“.

L-29

1997 წელს უკრაინაში შეძენილი სასწავლო-სავარჯიშო დელფინები


2001 წლის შემოდგომაზე საჰაერო ძალებში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საჩუქრად გადმოსცა 10 ერთეული UH-1H Iroquois-ის ტიპის  შვეულფრენი. მანამდე კი ამერიკულმა მხარემ ქართველი პილოტების და ბორტმექანიკოსების სწავლებაც უზრუნველჰყო. ამ 10 შვეულმფრენიდან 4 ერთეული სათადარიგო ნაწილებად დასაშლელად იყო განკუთვნილი, 6 კი საფრენად.  ამასთან ერთად იმავე წელს თურქეთის რესპუბლიკამ 2 ერთეული UH-1H Iroquois გადმოგვცა.  ეს ქართულ არმიაში დასავლური სტანდარტის სამხედრო ტექნიკის გამოჩენის პირველი შემთხვევა იყო.  
შემდეგში იროკეზები ქართველი ჯარისკაცების მოსამზადებლად აქტიურად გამოიყენებოდა ამერიკულ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში რომელიც 2002 წლის 29 აპრილს დაიწყო.

2009 წელს საჰაერო ძალების რამდენიმე ერთეულ UH-1H Iroquois-ს მოდერნიზება ჩაუატრდა UH-1H Plus-ის დონემდე. რითაც მისი შიდა სისტემები და ავიონიკა გამოიცვალა და გაუმჯობესდა. 

5302974534 4e8e723f49 o

აშშ-სგან გადმოცემული UH-1H Iroquois-ები ალექსეევკას შვეულმფრენთა ბაზაზე. (2001 წელი)

175ad8d456423gffd16c

თურქეთისგან საჩუქრად გადმოცემული UH-1H Iroquois (2001-2002 წ)

aat

იროკეზები აქტიურად გამოიყენებოდა ამერიკულ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში

 

2004 წელს უკრაინიდან კონოტოპის სარემონტო ქარხნიდან ჩამოვიდა 3 გარემონტებული მი-24 და 2 მი–14 (ეს ის შვეულფრენებია, რომლებიც აფხაზეთის ომის შემდეგ დარჩა საჰაერო ძალებს).

2004 წლის მაისში აჭარიდან აბაშიძის რეჟიმის გაქცევის შემდეგ ბათუმში დარჩენილი 11 ერთეული Ми-8 საჰაერო ძალებს გადაეცა.

2005 წელს უკრაინისგან ქართულმა ავიაციამ 6 Ми-24, 2 Ми-8МТВ. უზბეკეთიდან კი  1 Ми-35. 2006 წელს 1 სუ-25უბ ჩადგა მწყობრში.

2007 წელს საქართველომ უკრაინისგან 8 ერთეული ლ–39 "ალბატროსი" შეისყიდა, ძველი ლ–29-ების ჩასანაცვლებლად.

2007 წელს  საქართველოს სამხედრო–საჰაერო ძალებმა თბილავიამშენისგან 4 ერთეული სუ–25 იყიდა, ასევე მოხდა  რამდენიმე ერთეული თვითმფრინავის მოდერნიზება სუ-25კმ მიმინოს დონემდე, რითაც თვითმფრინავის საბრძოლო მაჩვენებლები ოთხჯერ გაიზარდა.

საქართველოს საჰაერო ძალების განახლებული და მოდერნიზებული მოიერიშე სუ-25 ების პარკი.

 

2008 წლის დასაწყიში საქართველომ ისრაელისგან რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი  HERMES–450 და Skylark შეიძინა, რომლებიც საჰაერო ძალების უპილოტო სადაზვერო ესკადრილიას გადაეცა. (ღამურა ესკადრილია)
სადაზვერვო ჰერმესები აფხაზეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო ოპერაციებს ახორციელებდა. ამ პროცესის დროს დაიკარგა  3 HERMES–450

პირველი  HERMES–450  2008 წლის 18 მარტს იქნა ჩამოგდებული.

მეორე  HERMES–450 2008 წლის 20 აპრილს ჩამოაგდო რუსულმა მიგ–29 გამანადგურებელმა. ამის დაფიქსირება საფრენ აპარატზე არსებულმა კამერამ შეძლო. მოგვიანებით გაეროს მისიამ გამოძიების შედეგები დადო სადაც ჰერმესის ჩამოგდებაში რუსული მიგ–29 დაადანაშაულეს.

მესამე და ბოლო HERMES–450 2008 წლის 12 მაისს იქნა ჩამოგდებული. აფხაზი სეპარატისტების განცხადები, ვითომ ადგილობრივმა ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა 7 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის გამო  არ დასტურდება.

 

სამწუხაროდ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქართულ სამხედრო ავიაციას დანაკარგები არც მშვედობიან პერიოდში აკლდა:

1996 წლის 23 დეკემბერს ბოლნისთან ახლოს ჩამოვარდა იაკ–52, დაიღუპა მფრინავ–გამომცდელი ოლეგ ცატიაშვილი.

1998 წლის 27 აგვსიტოს გორის სტადიონიდან აფრენისას მცირე სიმაღლიდან ჩამოვარდა შ.ჯ–ს ცალკეული საშვეულმფრენო ესკადრილიის მი–8ტ, არავინ დაღუპულა.
2001 წლის 21 სექტემბერს მარნეულთან ჩამოვარდა ლ–29, დაიღუპა კაპიტანი  დავით ცხოვრებაძე (29 წლის).

2002 წლის 16 სექტემბერს სასაზღვო ძალების საავიაციო რაზმის მი–2 კუმისის ტბაში ჩავარდა. დაიღუპნენ კაპიტანი ნუგზარ ცხოვრებოვი (48 წლის, 18 წლიანი სტაჟი, 2800 სთ ნაფრენი, მფრინავ–გამომცდელი) და კაპიტანი ზურაბ ბუქვაიძე (31 წლის).  

2003 წლის 13 აგვსიტოს თავკვეთილას მთის მიდამოებში ავარია განიცადა "იროკეზმა", საბორტო ნომერი 25.  

2004 წლის 5 მაისს ხულოს რაიონში ჩამოვარდა მი–24 (ნომერი 03).

 2006 წლის 3 სექტემბერს 16:00-ზე საჩხერისკენ მიმავალ გზაზე, უღელტეხილთან. სენაკის მიმართულებით მფრენი მი-8–ს რომელშიც იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ზაზა გოგავა და მათი თანმხლები პირები, ცეცხლი გაუხსნა ოსურმა უკანონო შეარაღებულმა ფორმირებამ. სროლა მიმდინარეობდა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ვერტმფრენის დაზიანების გამო ეკიპაჟი იძულებული გახდაგანეხორციელებინა აპარატის ავარიული დაშვება. ვერტმფრენმა ვარდნის რეჟიმში 15 წუთი იფრინა.

2007 წლის 12 თებერვალს ქუთაისის ავტოქარხნის აეროდრომზე მი–8ტ ნომერი 43 ჩამოვარდა, ს.ს.ძ–სთვის გადაცემამდე ეს შვეულმფრენი შ.ჯ–ს ავიარაზმს ეკუთნოდა.

2007 წლის 11 მარტს, მი–24–მა (ნომერი 06) კატასტროფა განიცადა დუშეთის რაიონში ბაზალეთის ტბასთან. ეკიპაჟის სამი წევრი - გიორგი ლონდარიძე, გაგა ტყემალაძე და სერგო ღვალაძე დაიღუპნენ.

 
2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქართული სამხედრო ავიაციის მოქმედება საკმაოდ შეზღუდული იყო, ქართულ ცაში რუსული გამანადგურებლების ფრენის გამო ქართულმა მოერიშე სუ-25 ებმა მხოლოდ 1 გაფრენის გაკეთება მოახერხეს რომელშიც ოთხი სუ–25 მონაწილეობდა. მათ შორის მოდერნიზებული „მიმინოც“ იყო. 8 აგვისტოს დილას მათ ჯავასთან რუსულ კოლონას 24 ცალი 250 კილოგრამიანი ბომბი ფაბ–250 დააყარეს, დაბომბვის შედეგები უცნობია.

რაც შეეხება შვეულმფრენებს,  დამრტყმელმა მი-24 ებმა აგვისტოს ომში  8, 9 და 10 აგვისტოს 4 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს. შვეულმფრენები შეიარაღების არასრული კომპლექტაციით, შემსუბუქებულად, დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ და მოწონააღმდეგესთან კონქტაქტისას დარტყმებს C-8 ტიპის უმართავი რაკეტებით და 30 მმ კალიბრის ქვემეხებით ახდენდნენ.

 
ქართულმა მი–24–მა ოსურ-რუსულ პოზიციებზე იერიში მიიტანეს.

ომს დანაკარგების გარეშე არ ჩაუვლია. 8 აგვისტოს მარნეულის აეროდრომის დაბომვის შედეგად 3 სატრანსპორტო ან–2 დაიწვა, დაბომბვისას იყო სმხვერპლიც. 11 აგვისტოს სენაკის სამხედრო–საჰაერო ძალების ბაზაზე რუსი მედესანტეების მიერ განადგურებული იქნა ანგარიდან გამოგორებული 2 მი–24 (საბორტო ნომრით 05 და 04(რესურსი ამოწურული ჰქონდა, ფრენა აღარ შეეძლო), და 1 მი–14.

მი–24(საბორტე ნომრით 09) საბრძოლო ოპერაციიდან დაბრუნებისას მძიმედ დაჯდა და კუდი დაუზიანდა, პილოტები არ დაშავებულან,

სენაკის აეროდრომზე დამწვარი მი-24 ები.

 


 

2007 წლის აღლუმზე გაძლიერებულმა საქართველოს საჰაერო ძალებმა
დიდი რაოდენობით საფრენი აპარატი გამოიყვანა.

 მოიერიშე სუ-25 ები 2010 წლის სამხედრო აღლუმზე

 ქართული სამხედრო ავიაციის ისტორიაში აღსანიშნავი დღე იყო 2013 წლის 9 სექტემბერი, სწორედ ამ დღეს თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანას მიენიჭა ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის სახელი. ქარხნის აეროდრომზე კი გაიმართა პირველი ქართული ავიაშოუ, სადაც ქართველმა სამხედრო მფინავებმა  მოიერიშე Cy-25 და სასწავლო L-39 ტიპის თვითმფრინავებით სხვადასხვა საპოლოტაჟო ფიგურები შეასრულეს. აეროდრომზე გაიმართა ასევე საფრენი აპარატების გამოფენაც.
 

პირველი ქართული ავიაშოუ.


ავტორები:

გიგა ინაშვილი
სოსო გვრიტიშვილი

 © www.geo-army.ge

 სტატიის დაკოპირება GEO-ARMY.GE-ს ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.

გამოყენებული მასალა:

გაეროს სამხედრო რეესტრი.

თბილავიამშენის ვებ გევრდი.

საგარეო საქმეთა სამაინისტროს ვებ გვერდი.

თავდაცვის სამინსიტროს ვებ გვერდი.

გაზეთი კვირის პალიტრა.

გადაცემა „პროფესია ჯარისკაცი“

სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმები.

პირადი მასალები.